სიმართლე

2014 წლის 10 სექტემბერს მმართველმა კოალიციამ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა სამინისტროს ანგარიშს მხარი არ დაუჭირა და მხოლოდ ცნობად მიიღო. ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით თანაგუნდელი დეპუტატების შენიშვნები და უმრავლესობის პრეტენზიები მინისტრებისთვის გაუგებარი იყო. ამ თემასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა-დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა: „დარჩენილ 3 თვე ნახევარში ასათვისებელი აქვთ 3 მლრდ-ზე მეტი თანხა. რაც პირდაპირ ამ პროექტების განხორციელების შემდეგ პირდაპირ დარტყმას მიაყენებს ლარის კურსის გაუფასურებას.’’

    

საზოგადოება და ბანკები 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებით და მათი ლარის კურსთან ურთიერთქმედებით დაინტერესდა და ზურაბ მელიქიშვილის ეს განცხადება გადაამოწმა.

ცხრილი 1: საქართველოს 2014 სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები-ლარებში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინა; treasury.gove.ge

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის 8 თვის შესრულების მაჩვენებლები სრულად, სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე 19-20 სექტემბერს გამოქვეყნდება; მანამდე 8 თვის მხოლოდ შემოსულობები, საგადასახადო შემოსავლები და გადასახდელების შესრულების მაჩვენებლებია ცნობილი (რის შესახებაც განახლებული ინფორმაცია სახელმწიფო ხაზინის ვებ-გვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება); ეს ინფორმაცია კი  ამ ეტაპზე ჩვენთვის, დეპუტატის განცხადების გადასამოწმებლად საკმარისია; რაც შეეხება 8 თვის გრანტების მონაცემებს, ამასთან დაკავშირებით განცხადება 10 სექტემბერს თავად საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა.  

როგორც ცხრილი 1-ზე არსებული მონაცემებიდან არის ნათელი, 9 თვის საწყისი და დაზუსტებული გეგმა ერთმანეთისგან მცირედით-მხოლოდ ასიგნების ნაწილში განსხვავდება. თუ 6 თვის (2 კვარტლის) მონაცემებით შემოსულობებში 115 მლნ ლარის გარღვევას ჰქონდა ადგილი, 8 თვე-ნახევრის მონაცემებით ბიუჯეტის 9 თვის გეგმა უკვე 92,23%-ით არის შესრულებული, რაც 9 თვის გეგმის შესრულებაზე მაღალი ალბათობით ნამდვილად მიუთითებს.

რაც შეეხება ასიგნებებს, ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიხედვით გადასახდელებში 402 მლნ ლარის გარღვევა დაფიქსირდა, ხოლო 8 თვე-ნახევრის მონაცემების მიხედვით 9 თვის გეგმასთან  მიმართებით ასიგნებები 84,52%-ით შესრულდა. ეს მაჩვენებელი არც იმდენად პოზიტიური მონაცემია და გადასახდელების 9 თვის გეგმის შესრულებას რისკის ქვეშ აყენებს. შესაბამისად ნათელია, რომ დარჩენილ 3 თვე-ნახევარში - 2014 წლის ბოლომდე ქვეყანაში 3,377მლნ ლარია ასათვისებელი (ეს კი წლის განმავლობაში თანხების არათანაბარი ხარჯვისკენ მიუთითებს), რაც ზუსტად ემთხვევა დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

რაც შეეხება ლარის კურსს, ზოგადად ქვეყანაში ფულის მასის ზრდა სხვა ვალუტების მიმართ ამ ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას იწვევს, ხოლო შემცირება კი გამყარებას. ვინაიდან ამ შემთხვევაში ასიგნების-გადასახდელების წლიური გეგმის შესრულება მიმოქცევაში ფულის მასის ზრდას საჭიროებს, ამიტომ ზურაბ მელიქიშვილის მსჯელობა ამ შემთხვევაშიც სწორია. თუმცა მომავალში ბიუჯეტის მაჩვენებლებსა და ვალუტის კურსის ერთმანეთთან უფრო კარგი ურთიერთქმედების  დასადგენად, გასული - 2013 წლის ბიუჯეტსა და ვალუტის კურსის მაჩვენებლებს შორის არსებული კავშირებიც მიმოვიხილოთ.    

ცხრილი 2: საქართველოს 2013 სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები-ლარებში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინა; treasury.gove.ge

თუ 2014 წელს ბიუჯეტის 8 თვის შესრულება 9 თვის საწყისი  გეგმის მიმართ 83.83%-ია, 2013 წელს  ეს მაჩვენებელი 76.3% იყო. ასევე 2013 წლის ბოლოს ბიუჯეტში 730 მლნ ლარის გარღვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება გადასახდელებს, თუ 2014 წელს ასიგნების 8 თვის შესრულება  9 თვის საწყისი გეგმის 79.32%-ია, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 69,4%-ს შეადგენდა. 2014 და 2013 წლის მონაცემების ერთმანეთთან შედარება იმაზე მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ასიგნების ნაწილში, მთლიანად უფრო კარგი მდგომარეობაა, ვიდრე ეს გასულ წელს იყო. 2013 წლის 8 თვის გადასახდელების  მაჩვენებლებით ქვეყანაში დარჩენილ 4 თვეში 4,145 მლნ ლარი (8,749-4,604=4,145) იყო ასათვისებელი, რაც 2014 წლის (8 თვის შესრულების მიხედვით) 3,728 მლნ ლარზე მცირედით, მაგრამ უფრო მეტია; ფაქტობრივად კი 2013 წლის 4 თვეში 3,501 მლნ ლარის ათვისება მოხდა (3,377 მლნ ლარზე უფრო მეტი, ვიდრე  დღეს 2014 წლის ბოლომდე გეგმის შესასრულებლად არის ასათვისებელი). იმის გასარკვევად, თუ 2013 წლის 4 თვეში 3,501 მლნ ლარის ხარჯვამ ლარის გაუფასურებაზე როგორი ზემოქმედება მოახდინა, ამისთვის 2013-2014 წლებში ვალუტის კურსის მაჩვენებლებიც მიმოვიხილოთ.   

ცხრილი 3: USD გაცვლითი კურსის მაჩვენებლები (2013 და 2014 წლები)

 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; nbg.gov.ge

ამ შემთხვევაში USD გაცვლითი კურსის ყოველთვიურ მაჩვენებლებს, ჩვენ წინა თვის მონაცემებს და არა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს ვადარებთ, რადგან ვნახოთ თუ უახლოეს მომავალში, გაცვლითი კურსის მაჩვენებლები დაახლოებით როგორ შეიძლება შეიცვალოს.

ცხრილი 3-დან ნათელია, რომ 2013 წელს USD გაცვლითი კურსის საშუალო თვიური მაჩვენებლები, განსაკუთრებით აგვისტო-იანვრის პერიოდში გაიზარდა, ანუ ამ პერიოდში ლარი განსაკუთრებით გაუფასურდა. თუ 2013 წლის  იანვარ-ივლისის ჩათვლით გაცვლითი კურსი 1.6416-1.6588 ფარგლებში მერყეობდა, აგვისტოში კურსი 1,6616-ზე დაფიქსირდა. აგვისტოს შემდეგ გაცვლითი კურსი მუდმივად ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და მის მაქსიმუმ მაჩვენებელს 2014 წლის იანვარში-1,7591 მაჩვენებლით მიაღწია. შესაბამისად, აგვისტო-იანვრის პერიოდი სწორედ იმ ოთხ თვეს მოიცავს, როცა ასიგნების - 3,501 მლნ ლარის ოდენობით ათვისება მოხდა. შესაბამისად, ნათელია, რომ ამ პერიოდში 3,501 მლნ ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებამ ლარის გაუფასურებაზე გარკვეული ზეგავლენა იქონია.

აქედან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ თუ მიმდინარე წლის დარჩენილ 3.5 თვეში  სახელმწიფო 3,377 მლნ ლარის ღირებულების პროექტებს სრულად განახორციელებს (უფრო ნაკლებს ვიდრე წინა წელს - 3,501 მლნ), ის ლარის კურსის გაუფასურებას მართლაც გამოიწვევს, თუმცა არა ისეთს როგორც ეს წინა წელს მოხდა. თუმცა ვინაიდან ეროვნულ ბანკს სხვადასხვა ინტერვენციებით ვალუტის გაუფასურებისთვის ხელის შეშლა შეუძლია, ამიტომ წლის ბოლოსთვის ფაქტობრივად ლარის რა გაცვლითი კურსი დაფიქსირდება ეს ჯერჯერობით უცნობია. 

დასკვნა

ზურაბ მელიქიშვილის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2014 წელს 8 თვე-ნახევრის მონაცემების მიხედვით, 9 თვის გეგმასთან  მიმართებით ასიგნებები 84,52%-ით არის შესრულებული და დარჩენილ 3 თვე-ნახევარში - 2014 წლის ბოლომდე ქვეყანაში 3,377მლნ ლარია ასათვისებელი.

ზოგადად ქვეყანაში ფულის მასის ზრდა სხვა ვალუტების მიმართ ამ ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას იწვევს, ხოლო შემცირება კი გამყარებას; რაც იმითაც დასტურდება, რომ 2013 წლის ბოლო 4 თვეში, სახელმწიფოს მიერ 3,501 მლნ ლარის პროექტების განხორციელებამ ლარის დოლართან მიმართებით საშუალოდ 2.1%-ით გაუფასურება გამოიწვია.

აქედან ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ მელიქიშვილის განცხადება: „დარჩენილ 3 თვე-ნახევარში 3 მლრდ-ზე მეტი თანხა აქვთ ასათვისებელი. ამ პროექტების განხორციელება კი ლარის კურსის გაუფასურებას პირდაპირ დარტყმას მიაყენებს.’’ არის - სიმართლე.

სიმართლე - განცხადება სწორია და რაიმე მნიშვნელოვან დაზუსტებას არ საჭიროებს.