მეტწილად მცდარი

მიმდინარე წლის 26 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე  ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ტურიზმის სექტორზეც გააკეთა და განაცხადა: „ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავალმა, ეს არის ძალიან საინტერესო მონაცემები, 2003-2011 წლებში  3.8 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა; სააკაშვილის პერიოდში, რომელიც ამაყობს, რომ  სასწაული მოახდინა მან საქართველოში. მხოლოდ 2013 და 2014 წლის 9 თვის განმავლობაში 3.1 მლრდ ამერიკული დოლარი შემოვიდა საქართველოში, 2 წლის განმავლობაში. ეს არის კონკრეტული მონაცემები, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის მინდოდა გამეცნო’’ 

 

შესაბამისად, საზოგადოება და ბანკები ტურიზმის სექტორში არსებული ვითარებით დაინტერესდა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გადაამოწმა.

2003-2011 წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ჯამი მართლაც 3,8 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო 2013 წელს და 2014 წლის სამ კვარტალში (1,4 მლრდ აშშ დოლარი) ერთად კი 3,1 მლრდ აშშ დოლარი იყო (გრაფიკი 1), რაც პრემიერის მიერ დასახელებულ რიცხვებს ზუსტად ემთხვევა.

თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრმა 2012 წლის მონაცემები უგულებელყო, მაშინ როცა ამ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე დიდი ოდენობით ზრდა დაფიქსირდა (გრაფიკი 1) და შემოსავალმა 1,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.  თუ 2012 წლის მონაცემს  2003-2011 წლის მაჩვენებლებს დავუმატებთ, მაშინ სულ შემოსავლები არა 3,8 მლრდ, არამედ 5,2 მლრდ აშშ დოლარი იქნება, რაც ბოლო ორი წლის მაჩვენებელ 3,1 მლრდ-ზე უკვე არა 683 მლნ აშშ დოლარით, არამედ 2.1 მლრდ აშშ დოლარით მეტია. მართალია 2012 წელს ქართული ოცნება  ხელისუფლებაში მოვიდა, თუმცა ეს მხოლოდ ბოლო სამ თვეს ეხება და ამ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების განსაკუთრებული ზრდა არ მომხდარა. შემოსავლების ყველაზე დიდი ოდენობით ზრდა 2012 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა და 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 161 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეოთხე კვარტალში კი 114 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.      

ვინაიდან რიცხვებით მანიპულირება ყოველთვის მარტივია, ამიტომ ამ შემთხვევაშიც პრემიერის პათოსი და კონტექსტი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. მისი განცხადებიდან ცალსახად ნათელია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მონაცემების ხაზგასმით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის  პერიოდთან (2003-2011 წლები) შედარებით ტურიზმის სექტორში გაუმჯობესებული ვითარების დამტკიცებას ცდილობს.

გრაფიკი 1: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების და წმინდა შემოსავლების მაჩვენებლები (ათასი აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; nbg.ge

2003 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში  მოვიდა ტურიზმიდან შემოსავლები მხოლოდ 147 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის ბოლოს კი 1,4 მლრდ აშშ დოლარი იყო.  შემოსავლები 2012 წელს 2003 წელთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა; მართალია ამ სექტორში 2013 წელს და 2014 წლის სამ კვარტალში ერთად მიღებული შემოსავლები 2003-2011 წლების ჯამურ მაჩვენებელს მხოლოდ მცირედით (683 მლნ აშშ დოლარით) ჩამორჩება, თუმცა მხოლოდ ამ  მონაცემებით ტურიზმის სექტორში არსებული ვითარების დადგენა არასწორია. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები გასული წლების განმავლობაში სულ იზრდებოდა, ამიტომ უკანასკნელი ორი წლის მონაცემების სიდიდე მეტწილად ბუნებრივია, რადგან 2013-2014 წლის მაჩვენებლები ასევე მეტწილად გასული წლების ინერციის შედეგია. შესაბამისად, ტურიზმის სექტორში არსებული რეალური ვითარების დასადგენად ამ სექტორის შემოსავლების ზრდის ტემპის ანალიზი გაცილებით მნიშვნელოვანია.

გრაფიკი 1-დან ნათელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპი (იასამნისფერი სვეტი) 2004-2012 წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა (ერთადერთი გამონაკლისი 2008 და 2009 წლებია, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ომის წელი და მისი შემდგომი პერიოდი), ხოლო 2013 წელს კი უკვე ზრდის ტემპის კლება შეინიშნება.   

გრაფიკი 2: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და მისი ზრდის ტემპი; სამი კვარტლის მონაცემები  (ათასი აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; nbg.ge

2014 წელს არსებული ვითარების დასადგენად, სამი კვარტლის მონაცემების ზრდის ტემპიც მიმოვიხილოთ. მონაცემებიდან ნათელია, რომ სამი კვარტლის მაჩვენებლებით შემოსავლები 2003 წლიდან დღემდე ზრდის ტენდენციით ხასიათდება; თუმცა ზრდის ტემპის კლება 2004-2012 წლებში, მცირედით 2007 წელს (პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდი) და 2009 წელს (რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ომის შემდგომი წელი) შეინიშნება.  2010 წლიდან ზრდის ტემპი კვლავ იმატებს და მის მაქსიმუმს 2012 წელს აღწევს, 2013 და 2014 წლებში კი ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად მცირდება. 

დასკვნა

პრემიერ-მინისტრის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რიცხვებში ზუსტია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლები 2012 წელს 2003 წელთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა. ვინაიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები გასული წლების განმავლობაში სულ იზრდებოდა, ამიტომ უკანასკნელი ორი წლის მონაცემების სიდიდე მეტწილად ბუნებრივია, რადგან 2013-2014 წლის მაჩვენებლები ასევე მეტწილად გასული წლების ინერციის შედეგია. შესაბამისად, მხოლოდ პრემიერის მიერ დასახელებული  მონაცემებით ტურიზმის სექტორში არსებული ვითარების დადგენა არასწორია და ამისთვის ამ სექტორიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპის განხილვაა საჭირო.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი 2004-2012 პერიოდში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა (ერთადერთი გამონაკლისი 2008 და 2009 წლებია), ხოლო 2013 წელს კი ზრდის ტემპის კლება შეინიშნება. ასევე თუ სამი კვარტლის მონაცემებსაც გადავხედავთ ნათელი ხდება, რომ ზრდის ტემპის კლება 2004-2012 პერიოდში, მცირედით 2007 წელს (პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდი) და 2009 წელს  შეინიშნება.  2010 წლიდან ეს მაჩვენებელი კვლავ იმატებს და მის მაქსიმუმს 2012 წელს აღწევს; 2013 და 2014 წლებში კი ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2013 და 2014 წლებში წინა წლებთან შედარებით ტურიზმის სექტორში არსებული ვითარების გაუმჯობესება კი არა, არამედ გაუარესება მოხდა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 2012 წლის მონაცემები უგულებელყო, მაშინ როცა ამ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე დიდი ოდენობით ზრდა დაფიქსირდა.

აქედან ნათელია, რომ პრემიერი რიცხვებში ზუსტია, თუმცა კონტექსტში არა. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს რიცხვებით მანიპულირებას და მათ ისეთ ანალიზს, რაც ეკონომიკურად სწორი არ არის  და პრემიერის პათოსის გამართლების საფუძველს არ იძლევა.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2003-2011 წლებში 3,8 მლრდ., ხოლო მხოლოდ 2 წელში 2013 და 2014 წლის 9 თვის განმავლობაში 3,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა’’ არის მეტწილად მცდარი.

მეტწილად მცდარი - განცხადება შეიცავს სიმართლის მარცვალს, თუმცა უგულებელყოფს მნიშვნელოვან ფაქტებს, რაც განსხვავებულ წარმოდგენას შეგვიქმნიდა.