საბანკო მომსახურების ხელმისაწვდომობასთან ერთად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საბანკო ბარათების მოცულობა და ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა. ბოლო რამდენიმე წელია ელექტრონული საგადამხდელო სერვისები საგრძნობლად განვითარდა. გამძაფრებული კონკურენციის ფონზე, საბანკო სექტორი ელექტრონული მომსახურების დახვეწას დიდ ყურადღებას უთმობს.

მომსახურების ავტომატიზება, საბანკო სექტორის ადმინისტრაციულ დანახარჯს საგრძნობლად ამცირებს, შესაბამისად ინტერესის გასაზრდელად ბანკები არაერთ კამპანიას და აქციას მართავენ. პროცესის წახალისების მიზნით მომხმარებლებს დაზოგვის სხვადასხვა სისტემას სთავაზობენ, იქნება ეს ფულადი პრემია(ქეშბექი), ვირტუალური ქულები თუ ხელუხლებელ ნაშთზე დარიცხული სარგებელი.

დღეს ყველა მსხვილ ბანკს აქვს თავისი ბონუს პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ბანკის აქტიური ანგარიშის მფლობელი ფიზიკური პირებისთვის. პროგრამაში ჩასართავად, ძირითადად, საჭიროა ბანკის ნებისმიერ ფილიალში მომსახურების გააქტიურება. ამის შემდეგ, საბანკო პროდუქტებით ან მომსახურებით სარგებლობისას კლიენტი იწყებს ქულების დაგროვებას. თითოეულ შესრულებულ ოპერაციაზე ირიცხება ვირტუალური ქულა, რომელიც შეესაბამება ბანკის მიერვე განსაზღვრულ სარგებელს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი  ბანკის Pos ტერმინალით შესრულდა ტრანზაქცია. ძირითად შემთხვევებში ბანკომატიდან თანხის განაღდებაზე ბონუს ქულები არ ერიცხება. ვირტუალურ ანგარიშზე დაგროვილი ქულების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მომსახურებაზე გაცვლით: ნივთზე, ვაუჩერზე, კომუნალურ გადასახადებზე ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ ნაღდ ფულზე. ანგარიშის დახურვისას, დაგროვილი ქულები ავტომატურად ნულდება და ბანკთან თანამშრომლობის განახლების შემთხვევაშიც არ ექვემდებარება აღდგენას.

საბანკო სექტორის დაგროვების და ბონუს პროგრამების მიმოხილვის სრულ სახეს გაეცანით მიმაგრებულ ფაილში.

"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.