საქართველოს გარდა, კომერციული ბანკების მიერ არასაბანკო საქმიანობაში ჩართვის მონიტორინგს სხვადასხვა ქვეყნები წლებია ახორციელებენ და  სხვადასხვა  შეზღუდვებსაც უწესებენ. ასე, რომ ეს საკითხი, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც აქტუალურ თემას წარმოადგენს.  მსოფლიო ბანკმა 2012 წელს „ბანკის რეგულირების და ზედამხედველობის კვლევა’’ ჩაატარა, სადაც ერთ-ერთი თემა სწორედ კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხია.

  • ამ კვლევის თანახმად 135 ქვეყნიდან 63 ქვეყანაში კომერციული ბანკებისთვის ფასიანი ქაღალდების ფლობა - შეუზღუდავია (ბანკს უფლება აქვს აღნიშნული საქმიანობა განახორციელოს სრული სპექტრით); 46 ქვეყანაში ნებადართულია (ბანკს უფლება აქვს ეს საქმიანობა განახორციელოს, მაგრამ მთლიანად ან მისი გარკვეული ნაწილი მხოლოდ მისი შვილობილი ან მფლობელი/ჰოლდინგის სხვა საწარმოების მიერ უნდა განხორციელდეს); 17 ქვეყანაში შეზღუდულია (საქმიანობის მხოლოდ ნაწილის განხორციელებაა შესაძლებელი ბანკის, მისი შვილობილის ან მფლობელის/ჰოლდინგის სხვა საწარმოების მიერ), 9 სახელმწიფოს შემთხვევაში კი აკრძალულია (აღნიშნული საქმიანობა არ შეიძლება განხორციელდეს არც ბანკის, არც მისი შვილობილის ან მფლობელის/ჰოლდინგის ან სხვა საწარმოების მიერ).
  • რაც შეეხება სადაზღვევო საქმიანობას, 137 ქვეყნიდან 7 ქვეყანაში შეუზღუდავია, 72 ქვეყანაში ნებადართული, 36 ქვეყანაში შეზღუდული, ხოლო 22-ში კი აკრძალულია.
  • უძრავ ქონებაში საქმიანობის წარმოება 134 ქვეყნიდან 20 ქვეყანაში შეუზღუდავია, 29 ქვეყანაში ნებადართული, 35-ში შეუზღუდავი, ხოლო 50 ქვეყნისთვის კი აკრძალული.
  • რაც შეეხება არასაფინანსო საქმიანობას 136 ქვეყნიდან 16 ქვეყანაში ის შეუზღუდავია, 24-ში ნებადართული, 48-ში შეზღუდული, ხოლო დარჩენილ 48 ქვეყანაში კი აკრძალული.  

როგორც ზემოთ არსებული მონაცემების ანალიზიდან არის ნათელი, ქვეყნების უმეტესობაში კომერციული ბანკებისთვის ფასიანი ქაღალდების ფლობა შეუზღუდავია, სადაზღვევო საქმის წარმოება ნებადართული, ხოლო ყველაზე მეტად აკრძალული კი უძრავი ქონებაში საქმის წარმოებაა.

სითი ბანკი (Citybank), რომელიც 1812 წელს ნიუ იორკში დაარსდა (ჰყავს 200 მლნ მომხმარებელი და ოპერირებს 160-ზე მეტ ქვეყანაში), ფლობს არაერთ არაპროფილურ აქტივს: GAAP-ის $156 მილიარდი ღირებულების აქციებს, OneMain Financial (10$ მილიარდი), MSSB JV ($8 მილიარდი)  და სხვა. 

რაც შეეხება გიგანტურ, გერმანულ დოიჩე ბანკს (Deutsche Bank), მან სულ ახლახან, 2014 წელს ბლექსთოუნ გრუფს (Blackstone Group) 1.73 მილიარდ დოლარად ლას-ვეგასში მდებარე სასტუმრო კოსმოპოლიტანი (The Cosmopolitan) მიჰყიდა, რომელიც გერმანულმა ბანკმა 2008 წელს შეისყიდა. ასევე 2013 წლის ბოლოსთვის, დოიჩე ბანკს ინვესტიციები ჰქონდა მაჰერ ტერმინალში (Maher Terminals), BHF-Bank-ში და სხვა.      

საქართველოში კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით რეგულაციის პირობები სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლომდე შეიცვლება. ამ ეტაპისთვის კი უცნობია, ზუსტად რა ცვლილება განხორციელდება,  ამიტომ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც სრულყოფილი და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული ქვეყნისთვის დადებითი ფაქტია.