საპენსიო საკითხი და მისი დარიგების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საბანკო დაწესებულების გამოსავლენი ახალი სატენდერო პირობების შემუშავება არის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემა და ამდენად, მასზე საზოგადოებრივი კონტროლი მაღალი სტანდარტით უნდა  იყოს უზრუნველყოფილი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ „საზოგადოება და ბანკები“ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით უნდა ჩაერთოს კომისიის მუშაობაში.

პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების დარიგების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საბანკო დაწესებულების გამოსავლენი ახალი სატენდერო პირობების შემუშავების პროცესში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციები. მხოლოდ ეს გზა იქნება იმის გარანტია, რომ უწყებებმა, რომლებიც ახალი სატენდერო პირობების შემუშავებით არიან დაკავებულნი, რეალურად შეძლონ საკითხთან დაკავშირებით არსებული საზოგადოებრივი განწყობების აღქმა და მათი გათვალისწინება.

„საზოგადოება და ბანკები“ კარგად იცნობს პრობლემის შინაარსს. ეს საკითხი ორგანიზაციას დანახული და გაანალიზებული აქვს სხვადასხვა რაკურსით და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სრულფასოვანი ჩართულობა მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება კომისიას, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

გამოწვევის დროულად და ხარისხიანად დაძლევით, დეკლარირების დონეზე, დაინტერესებულია ყველა მხარე. ამას აცხადებს ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და საკუთრივ „ლიბერთი ბანკიც“, რომელიც დღეს ემსახურება პენსიების გაცემას. ხაზგასასმელია, რომ ბანკს თავის მხრივ მზაობაც აქვს გაცხადებული, რომ დროზე ადრე გავიდეს მოქმედი ხელშეკრულებიდან და მონაწილეობა მიიღოს განახლებულ გამჭვირვალე ტენდერში.

მიუხედავად ასეთი მოცემულობისა, ფაქტია, საკითხი დროში იწელება და უწყებათშორისი კომისია დღემდე მხოლოდ ერთხელ არის შეკრებილი. სამწუხაროდ, აღნიშნული შეხვედრაც, აღმოჩნდა, რომ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ტექნიკური საკითხის გავლით შემოიფარგლა.

ყველა ვთანხმდებით, რომ  განახლებული პირობებით ტენდერის გამოცხადება ის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რამაც, საბოლოო ჯამში, შედეგად უნდა მოიტანოს საპენსიო სესხზე არსებული საპროცენტო განაკვეთის შემცირება. ასევე დაანახოს საზოგადოებას, მათ შორის ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ამ პროდუქტზე არსებული პროცენტი არის რეალური, საბაზრო და სამართლიანი.   ამდენად, მიგვაჩნია, რომ პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების უმოკლესი გზა კომისიის მუშაობაში პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციების სრულფასოვნად ჩართვა იქნება.