გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს გადასახადებზე გესაუბრებით.

გადასახადები ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა. სახელმწიფოს არსებობა ხელისუფლების არსებობის აუცილებლობას აყენებს. ხელისუფლება დემოკრატიულ სამყაროში სახელმწიფოს მართვისთვის საჭირო შტოების ერთობლიობაა. იმისთვის, რომ მთავრობებმა მათზე დაკისრებული მოვალეობები შეასრულონ, საჭიროა ფინანსური სახსრების აკუმულირება საჭირო ხარჯების დაფინანსებისთვის. ჩვენ უკვე ვიცით რომ ამას ბიუჯეტი ეწოდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, გადასახადები ადამიანების და კომპანიების მიერ ბიუჯეტში არამოხალისეობრივი ფულადი შენატანია, რომლის შეტანის წესი და რაოდენობა სახელმწიფოს მიერ არის დამტკიცებული.

ისტორიულად, გადასახადებს სულ ვიხდიდით და მიზანიც ყოველთვის ერთი იყო – საზოგადო სიკეთის დაფინანსება. საზოგადო სიკეთე კი მოიცავს ფაქტობრივად ყველაფერს, რის გაკეთებასაც ამომრჩევლები მოვითხოვთ, იქნება ეს ქუჩის განათება, ახალი სკვერების აშენება, გზების დაგება თუ ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფა.

დავუშვათ თქვენი ხელფასი 2000 ლარია, რომლის 20% საშემოსავლო გადასახადის სახით შეგაქვთ ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, თქვენგან ყოველთვიურად გაცემული 400 ლარი აღნიშნულ საქმეებს არ ეყოფა, მაგრამ ყველასთვის სასიკეთოდ, დასაქმებული მხოლოდ თქვენ არ ხართ და ყველას შეაქვს საკუთარი წვლილი საზოგადო სიკეთეში. გადასახადებს ვიხდით თითქმის ყველაფრიდან, იქნება ეს მაღაზიაში შეძენილი პროდუქტი (მოგებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადები), თუ ძვირადღირებული ქონების ფლობა (ქონების გადასახადი). საბოლოოდ კი ყველაფერი ერთიანად იმ ბიუჯეტში აისახება, რომლის განკარგვაც ხშირად ყველაზე საინტერესო და განხილვადი საკითხია. გამოდის, რომ 2000₾-დან თქვენს პირად განკარგულებაში 1600₾ რჩება, დარჩენილი 400₾ კი იმ საერთო სიკეთეს ხმარდება, რომლითაც თქვენ და მთელი საზოგადოება ყოველდღიურად სარგებლობს.

ბევრს მოსწონს, რომ სკანდინავიის ქვეყნების მსგავსად, განათლება და ჯანდაცვა საქართველოშიც უფასო იყოს. უფრო სწორად კი „უფასო“, რადგან რეალურად უფასო არაფერია. სკანდინავიის ქვეყნები მაღალი გადასახადებით გამოირჩევიან, მაგალითად თქვენი კუთვნილი 2000 ლარის მაგალითი რომ განვიხილოთ, აღნიშნულ ქვეყნებში მხოლოდ დაახლოებით 1100₾ დარჩებოდა თქვენს განკარგულებაში, დანარჩენი თანხა კი ყველა იმ სერვისის დაფინანსებას მოხმარდებოდა, რომელიც ვითომ „უფასოა“. ამავე ქვეყნებში ცხოვრება ძვირი სწორედ იმ მიზეზით არის, რომ კომპანიებსაც საკმაოდ მაღალი გადასახადები აქვთ, რომელთა გადახდაც მომხმარებელს უწევს. პოლიტიკის ჭრილში, ეს მემარცხენე მიდგომაა, რომელიც გულისხმობს დაუწესო საზოგადოებას მაღალი გადასახადები და შესაბამისად, გაზარდო საზოგადო სიკეთეც. ხოლო როცა მოქალაქეებზე მაქსიმალურად ზრუნავ, მეტი რესურსია საჭირო და შესაბამისად, ზრუნვის ფასიც იზრდება.

ამის საპირისპიროდ, მეორე მიდგომა შემდეგნაირია: დაბალი გადასახადები, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე კომპანიებისთვის, შესაბამისად ნაკლები ე.წ. „უფასო“ სერვისი და საზოგადო სიკეთე. წარმოიდგინე, რომ 2000 ლარიდან მხოლოდ 200 ლარი ჩამოგეჭრათ, მაგრამ სანაცვლოდ იმ მომსახურების თანხა გადაგეხადათ, რაც ახლა თქვენთვის „უფასოა“. ამასთანავე, დაბალი გადასახადების გამო, ბიზნესის დაწყებაც საკმაოდ მარტივი იქნებოდა – წარმოებული პროდუქციის ფასი დაბალი იქნებოდა და უფრო მეტი მომხმარებელი გეყოლებოდათ. მემარჯვენე საგადასახადო პოლიტიკას სწორედ იმ ქვეყნებში იყენებენ, სადაც ცდილობენ მეწარმეობის განვითარებას ხელი შეუწყონ და მოქალაქეებს დასახარჯად მეტი თანხა დარჩეთ.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=N7G5emwrhHk