გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს გესაბრებით იმაზე, თუ რა ინფორმაციას ითხოვს საფინანსო ინსტიტუტი ბიზნესისგან.

ბიზნესისთვის სესხის აღება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება როცა საუბარია გრძელვადიან სესხებზე. ამ რისკების შესამცირებლად სესხის გამცემი დასაწყისშივე დეტალურად ამოწმებს სხვადასხვა პარამეტრს, რომელიც ეხმარება მას წარმატებული ბიზნესის ამოცნობაში.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ძირითადად, მოიცავს:

ბიზნესგეგმას - ეს არის დოკუმენტი, რომელიც დგება ბიზნესის წამოწყების ან მისი გაფართოების დროს. მისი მთავარი ფუნქციაა შეფასდეს ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეები და გააცნოს პოტენციურ დამფინანსებლებს ბიზნესის საქმიანობის არეალი. ბიზნესგეგმაში აღწერილი უნდა იყოს მომავალი საქმიანობის ყველა ძირითადი ასპექტი, ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები და ამ მიზნების მიღწევის გზები. გასათვალისწინებელია, რომ ეს დოკუმენტი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ პოტენციურმა დამფინანსებელმა შეძლოს ბიზნესის შესაძლებლობებისა და საჭირო რესურსის შეფასება.

ასევე ითხოვენ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ბიზნესის სამეწარმეო ფორმის, დასახელების, საიდენტიფიკაციო ნომრისა და რეგისტრაციის თარიღის, ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ასევე ცნობები ხელმძღვანელების/წარმომადგენლებისა და მესაკუთრეების შესახებ, მათ მფლობელობაში არსებული წილების მითითებით. ამას გარდა, ამონაწერში წარმოდგენილია ინფორმაცია კომპანიის ვალდებულებების შესახებ, როგორიცაა გირავნობა, იპოთეკა ან ყადაღა.

ბანკის ასევე მოგთხოვთ მოგება-ზარალის უწყისს - მასში  აისახება ბიზნესის შემოსავლები და ხარჯები და საბალანსო უწყისს - ეს არის ფინანსური ანგარიშგება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რას ფლობს კომპანია და რამდენს შეადგენს მისი ვალდებულებები და მფლობელთა კაპიტალი კონკრეტული თარიღისთვის. საბალანსო უწყისი მოცემული მომენტისთვის კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ასახავს.

დამფინანსებლებს ასევე აინტერესებთ ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი. იმისთვის, რომ დაინახონ, თუ რამდენად შესწევს ბიზნესს უნარი, გამოიმუშაოს თავისუფალი ფული. საწარმოს მიერ მიღებული მოგება და ფულადი სახსრები, როგორც წესი, ერთმანეთს არ ემთხვევა.

ეს დოკუმენტები ეხმარება არამარტო ბანკს, არამედ მეწარმესაც ბიზნესის წარმატების განსასაზღვრად და შემდგომი ნაბიჯების უსაფრთხოდ გადასადგმელად.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=TCt40n5oiVU