გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს, გესაუბრებით ბიზნესის დაფინანსების წყაროებზე.

როდესაც ბიზნესის დაწყების გადაწყვეტილებას იღებთ, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და შემდგომი წარმატების განმსაზღრელი არის ის, თუ როგორ აპირებთ ამ ბიზნესის დაფინანსებას. ყველაზე უსაფრთხო, ამ კუთხით არის საკუთარი სახსრების გამოყენება. ამ დროს, არც დამატებითი დროის რესურსი გეხარჯებათ ფინანსების მოსაძიებლად და არც ხარჯი გაქვთ თანხის გამოყენებასთან დაკავშირებით. პირიქით, თუკი მოგებას ისევ ბიზნესში ჩადებთ, ასეთ დროს თავისუფლდებით მოგების გადასახადისგან.

ხშირად, საკუთარი სახსრებით ბიზნესის დაფინანსება გვიჭირს, რადგან ამდენი თანხა ერთბაშად გადადებული იშვიათად გვაქვს, ამიტომ მიმართავენ სესხისთვის ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან სხვა სესხის გამცემ სუბიექტს. ამ დროს, მსესხებელი დეტალურად შეისწავლის ბიზნესის გადახდისუნარიანობას და რისკებს, შესაძლოა საჭირო გახდეს სესხის უზრუნველყოფაც. სესხის აღებისას გასათვალისწინებელია, რომ გადახდის გრაფიკის დარღვევისას, შესაძლოა დაგეკისროთ ჯარიმა, ხოლო თუ სესხის დაფარვა დიდი ხნის განმავლობაში ჭიანურდება  საკრედიტო ისტორიაც გაგიფუჭდებათ.

შესაძლოა ისარგებლოთ სასაქონლო კრედიტითაც. ასეთ დროს, საქონელს შეფერხების გარეშე იღებთ, ხოლო თანხას მოგვიანებით იხდით. ერთადერთი შემაფერხებელი სასაქონლო კრედიტის გამოყენებისას არის ის, რომ მომწოდებელმა ამ დროს საქონელი შეიძლება შედარებით მაღალ ფასად მოგცეთ, რათა რისკებისგან წინასწარ დაიზღვიოს თავი.

დაფინანსების გზაა გრანტიც. გრანტი ბიზნესს უსასყიდლოდ გადაეცემა, თუმცა შესაძლებელია მას თან ახლდეს რაიმე სახის ვალდებულება. მაგალითად, გრანტის გამცემმა მოითხოვოს კონკრეტული რაოდენობის ადამიანთა დასაქმება. გრანტის გაცემა, როგორც წესი, კონკურსის საშუალებით ხდება და სპეციფიური დარგების განვითარებისთვის ხდება. ამიტომ კარგად უნდა მოიკვლიოთ აკმაყოფილებთ თუ არა გრანტის გამცემთა მიერ წაყენებულ მოთხოვნებს.

სესხის ტიპია ლიზინგიც. მას ხშირად ძირითადი საშუალებების შესაძენად იყენებენ. ეს შეიძლება იყოს სამშენებლო ტექნიკა, ინვენტარი ან აღჭურვილობა, რომელსაც სალიზინგო კომპანია ბიზნესს გარკვეული წინასწარ შეთანხმებული დროით გადასცემს. ამ დროს ბიზნესი ჩვეულებრივ იყენებს აქტივს და პარალელურად იხდის მის საფასურს. სესხთან შედარებით, ლიზინგი გაცილებით სწრაფი და მარტივი პროცედურაა.

ბიზნესის დაფინანსებისას, აუცილებელია განიხილოთ თითოეული ვარიანტი და აირჩიოთ ის, რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა თქვენი ბიზნესის ინტერესებთან.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=MyUq2ssP20o