გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ  და დღეს დაზოგვაზე და ანაბრის სახეებზე გესაუბრებით.

ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი არის თანხის დაზოგვა, რათა წინასწარ გვქონდეს თავი დაზღვეული უსიამოვნო მოულოდნელობებისგან. არსებობენ ადამიანი, რომლებიც დანაზოგს მხოლოდ სახლში ინახავენ, თუმცა თანხა ბევრად უფრო დაცული იქნება თუ მას ბანკში განვათავსებთ.

ახლა განვიხილოთ, რა ტიპის ანაბრებია ბანკებში. არსებობს ვადიანი, ზრდადი და მოთხოვნამდე ანაბრები. შესაძლოა სარგებელი მიმდინარე ანგარიშებსაც დაერიცხოს. როგორც წესი, კომერციული ბანკები ანაბრის სინონიმად იყენებენ დეპოზიტს. რაც უფრო დიდია დეპოზიტის ვადა, მით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი.

ვადიანი ანაბარის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ ბანკში კონკრეტული ვადით განთავსდება თანხა, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ვადიანი დეპოზიტი იხსნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული თანხით, ხელშეკრულების  მოქმედების პერიოდში კი თანხის დამატება შეუძლებელია. ჩვეულებრივ, სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით, ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია. ვადიანი ანაბარი იხსნება დაახლოებით 3-იდან 24 თვემდე ვადით.

ზრდადი, ანუ შეგროვებადი ანაბარი იხსნება კონკრეტული ვადით და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით. ასეთი ტიპის დეპოზიტზე მომხმარებელს საშუალება აქვს უკვე მოგროვილ ოდენობას ნებისმიერ დროს დაამატოს თანხა. რიგ შემთხვევაში ბანკები განსაზღვრავენ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასამატებელი თანხის მინიმალურ ოდენობასა და პერიოდულობას. როგორც ვადიანი ანაბრის შემთხვევაში ზრდადი ანაბარიც დაახლოებით 3-იდან 24 თვემდე ვადით იხსნება.

პოპულარული პროდუქტია, საბავშვო ანაბარი, რომელიც ზრდადი დეპოზიტის მსგავსად გარკვეული ვადით იხსნება და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს დაამატოს მისთვის სასურველი თანხა. ამ შემთხვევაში ანაბრის ვადა შესაძლოა იყოს ბავშვის სრულწლოვანებამდე: 2-დან მაქსიმუმ 18 წლამდე.

ვადიანი და ზრდადი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი სრულად გაიტანს მის მიერ დაგროვილ თანხას, თუმცა მთლიანად ვერ მიიღებს იმ სარგებელს, რაც თავდაპირველად, ხელშეკრულების მიხედვით იყო გათვალისწინებული.

მოთხოვნამდე, ან მეორენაირად შემნახველი ანაბარი არის უვადო სახის დეპოზიტი, რომელსაც ერიცხება გარკვეული საპროცენტო სარგებელი. მომხმარებელს საშუალება აქვს შემნახველ დეპოზიტებზე თანხა შეცვალოს როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით. ოპერაციების წარმოების პერიოდულობა შეუზღუდავია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ანაბრის თანხის დღიური განაღდების ლიმიტი არის დაწესებული. მომხმარებელი თანხის გატანის შემთხვევაში გარკვეულ განაღდების საკომისიოსაც იხდის ხოლმე. ზოგიერთ შემთხვევაში ნაღდი სახით შეტანილი თანხის გამოტანა უფასოა.  ჩვეულებრივ, შემნახველ ანაბრებზე სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით საპროცენტო სარგებელი ნაკლებია.

არსებობს დაგროვების კიდევ ერთი საშუალება - ელექტრონული ყულაბა, რომლის მეშვეობით ყოველი ტრანზაქციის განხორციელებისას, თქვენს მიერ არჩეული თანხა თქვენივე ანგარიშიდან დღის ბოლოს ავტომატურად გადაირიცხება ანაბარზე. მაგალითად, თუ ერთი დღის განმავლობაში ბარათი 4-ჯერ გამოიყენეთ (გაატარეთ მაღაზიაში პოსტერმინალზე, გამოიტანეთ ბანკომატიდან თანხა, ან გადარიცხეთ ერთი ანგარიშიდან მეორეზე) და ერთ ტრანზაქციაზე 2₾-ის დაზოგვა გაქვთ მითითებული, დღის ბოლოს თქვენს ანაბარზე 8₾-ით მეტი იქნება. ყულაბა განსაკუთრებით სასარგებლოა, თუკი თქვენ მხარჯველი ხართ და გიჭირთ თანხის დაზოგვა.

და ბოლოს, ანაბარი შეგიძლიათ გახსნათ, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში. აქვე გავითვალისწინოთ, რომ ლარში სარგებელი გაცილებით მაღალია და ის გვაზღვევს, როგორც ინფლაციის ასევე გაუფასურების რისკისგან.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=8qjCOZrwMB0