გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს მოგიყვებით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, სანამ სესხს ავიღებთ. 

ნებისმიერი საბანკო ვალდებულების აღებისას, აუცილებელია ინფორმაციის წინასწარ მოკვლევა და გაანალიზება, ხოლო თქვენთვის ხელსაყრელი ვარიანტის შესარჩევად რამდენიმე ალტერნატიული შეთავაზების შედარება. განსაკუთრებით მაშინ, როცა გრძელვადიანი სესხის აღება გადაწყვიტეთ.

სესხის აღებამდე წინასწარ გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები და გაითვალისწინეთ:

  • სესხის გაცემის საკომისიო
  • სესხის განაღდების საკომისიო
  • ანგარიშის მომსახურების საკომისიო
  • უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვისა და იპოთეკის მოხსნის ხარჯები
  • მოძრავი ქონების გირავნობის რეგისტრაციისა და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების ხარჯები
  • სესხის უზრუნველყოფის სახით წარმოდგენილი ქონების დაზღვევა
  • მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა
  • უმჯობესია, სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში მოსალოდნელ პროცედურას წინასწარ გავეცნოთ

ნებისმიერ ხელშეკრულებას, სანამ ხელს მოვაწერთ, სრულად უნდა გავეცნოთ. განსაკუთრებული ყურადღება კი შემდეგ პუნქტებს უნდა მივაქციოთ: 

ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს - ეს არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი. ის როგორც წესი, უფრო მეტია, ვიდრე ნომინალური პროცენტი.

ასევე დავუკვირდეთ ხელშეკრულების საგანს - მის ძირითად პირობებს, ხელშეკრულების მოქმედების და შეწყვეტის პირობებს, სანქციებს, ვალდებულების არ შესრულების შემთხვევაში, სესხის დაფარვის გრაფიკს, ვალუტას და სესხის ვადას.

სესხის აღებისას ყურადსაღებია, აგრეთვე, სავალუტო რისკი, განსაკუთრებით თუ იმ ვალუტაში აპირებთ კრედიტის აღებას, რომელშიც შემოსავალი არ გერიცხებათ. თუ შემოსავალი და სესხი განსხვავებულ ვალუტაში გაქვთ, ვალუტის კურსის ცვლილება თქვენს ხარჯებზეც შესაბამისად აისახება.

სესხის მოცულობის ზედა ზღვარი ყველა ბანკის შემთხვევაში ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სესხის მოცულობის და ვადის მიხედვით ბანკმა შესაძლოა მოითხოვოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. სესხის მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, თქვენი შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით. შეიძლება, ბანკმა სესხის უზრუნველყოფისთვის თავდები პირიც მოითხოვოს.

ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რასაც მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება. თუკი ადგილზე ხელშეკრულების სრულად გაცნობას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ბანკის წარმომადგენელს მოსთხოვოთ ასლი, წაიღოთ სახლში ან ნაცნობ იურისტთან, მშვიდად გაიაროთ თითოეული მუხლი და მხოლოდ მას შემდეგ მოაწეროთ ხელი, როცა დარწმუნდებით, რომ პირობები თქვენთვის სრულად მისაღებია და სრულად იზიარებთ თქვენს ვალდებულებებს.

აუდიო ვერსიის გასაცნობად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=xLlvwd1c9zk&list=PLWpL8Yo1rPp9uBheJsP8u9BLYW1iMZUkB&index=6