ვინ არის უმუშევარი? ერთი შეხედვით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია: უმუშევარია ის, ვინც არ მუშაობს. თუმცა, არა! ადამიანი უმუშევარად არ ითვლება, თუ არ ეძებს სამსახურს (იმიტომ, რომ არ სურს მუშაობა, ან იმიტომ, რომ სამუშაოს პოვნის იმედი გადაეწურა). არც ის ადამიანი ითვლება უმუშევრად, ვინც თვითდასაქმებულია და არც ის, ვინც გაწეული შრომისთვის ანაზღაურება ნატურის სახით მიიღო (მაგ: დაეხმარა ახლობელს მოსავლის აღებაში და მან სანაცვლოდ მოსავლის რაღაც ნაწილი მისცა).  მეტიც, არც ის ადამიანია უმუშევარი, ვინც პროდუქტი მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, ადამიანი უმუშევარია, თუ მან მიაღწია 15 წელს, არის შრომისუნარიანი, გამოკითხვის მომენტამდე 7 დღის განმავლობაში 1 საათიც კი არ უმუშავია, სურს მუშაობა, ბოლო 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამსახურს, მაგრამ ვერ პოულობდა და შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, მზადაა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შეუდგეს მუშაობას.

შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ რიცხვები და მოსახლეობის აღქმა ერთმანეთს სცდება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს, საქართველოში უმუშევრობის დონე 12.7% იყო. ანუ, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (მოსახლეობის იმ ნაწილის, რომელსაც სურს, შეუძლია მუშაობა და აქტიურად ეძებს სამსახურს) 12.7% იყო უმუშევარი.

მეორე მხრივ, NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 62% თავს დაუსაქმებლად თვლის. რატომ თვლის მოსახლეობის აღნიშნული ნაწილი თავს დაუსაქმებლად და მათი რა ნაწილია რეალურად უმუშევარი? მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც სამსახურის პოვნით არაა დაინტერესებული, ეკონომიკურად აქტიური არაა და შესაბამისად არც სამუშაო ძალაში შედის და არც უმუშევრად ითვლება. ასეთია იმ რესპონდენტთა 56%, ვინც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს (პენსიონრები, სტუდენტები, დიასახლისები და სხვა პირები ვინც დაინტერესებულნი არ არიან სამსახურის პოვნით). უმუშევრად არ ითვლება არც გამოკითხულ რესპონდენტთა ის ნაწილი, ვინც სამუშაოს არ ეძებს (8%). შესაბამისად, უმუშევარია NDI-ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის 21%. 

რა განსხვავება შეიძლება იყოს უმუშევარსა და დაუსაქმებელს შორის? ყველა, ვინც დაუსაქმებელია, არის კი უმუშევარი? არა. დაუსაქმებელთა ნაწილი უმუშევარია, ნაწილი კი -  არაა ეკონომიკურად აქტიური. მოსახლეობის აღქმით, ადამიანები, რომელთაც საკუთარი თავი დაასაქმეს (ანუ თვითდასაქმებულები), უმუშევრები არიან (მაგალითად, ტაქსის მძღოლები). ასევე, უმუშევრად მიიჩნევს თავს მოსახლეობის ის ნაწილიც, ვინც სამუშაოს არ ეძებს (სტუდენტი, დიასახლისი), მაგრამ ვინმემ რომ შესთავაზოს მისთვის მისაღები პირობები, იმუშავებდა. თუმცა რეალობაში, არც თვითდასაქმებულები და არც ის ადამიანები, ვინც სამუშაოს ძებნის პროცესში არ არიან ჩართულები (ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა), უმუშევრებად არ ითვლებიან.

ზოგადად, რა იწვევს უმუშევრობას? უმუშევრობის სამი ტიპი არსებობს: ფრიქციული, სტრუქტურული და ციკლური.

ციკლური უმუშევრობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკონომიკური (ბიზნეს) ციკლის მოკლევადიან რყევებთან. ანუ, როდესაც ადგილი აქვს ეკონომიკურ კრიზისს, ან ბიზნეს გარემოს გაუარესებას, სამუშაო ადგილები მცირდება და ადამიანები უმუშევრები რჩებიან. აღნიშნული ტიპის უმუშევრობას საქართველოში არც თუ იშვიათად ვაწყდებით, რადგან ქვეყანა/ბიზნესი არაა ეკონომიკურად იმდენად ძლიერი, რომ იქმნებოდეს საჭირო რაოდენობის სამუშაო ადგილები.

სტრუქტურული უმუშევრობა წარმოიქმნება იმის გამო, რომ შრომის ზოგიერთ ბაზარზე სამუშაო ადგილების რაოდენობა (შრომაზე მოთხოვნა) ნაკლებია სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობაზე (შრომის მიწოდება). მაგ: თუ ქვეყანაში გვყავს იმაზე მეტი იურისტი, ვიდრე ბაზარს სჭირდება, იურისტთა გარკვეული ნაწილი, უმუშევარი დარჩება. არც სტრუქტურული უმუშევრობაა ქვეყნისთვის უცხო, ვინაიდან არაერთი კვლევა ჩატარებულა საქართველოში შრომითი უნარების შეუსაბამობის შესახებ. ქვეყანაში გვაქვს გარკვეული პროფესიები, რომლითაც ბაზარი გაჯერებულია და გარკვეული პროფესიები, რომლებიც დეფიციტურია.

ფრიქციული არის უმუშევრობის ტიპი, რომელიც წარმოიქმნება იმის გამო, რომ ადამიანებს შესაფერისი ან სასურველი სამუშაოს საპოვნელად დრო სჭირდებათ. აღნიშნული ტიპის უმუშევრობის შესახებ მსჯელობა რთულია, ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობა არაა დასაქმებული საკუთარი პროფესიით. თუმცა, მაინც მუშაობს, ვინაიდან თვლის, რომ მისთვის შესაფერისი/სასურველი სამუშაოს პოვნა რთულია და უმუშევრად ყოფნას, დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე მუშაობას ამჯობინებს.

და მაინც, როგორია დღეს საქართველოში უმუშევრობის დონე? ოფიციალური სტატისტიკით, 12.7%-ია, მოსახლეობის აღქმით 62%, ხოლო რეალურად? მოსახლეობის აღქმას (NDI-ს კვლევის შედეგი), საერთაშორისო მეთოდოლოგიის კრიტერიუმების გათვალისწინებით თუ დავაკორექტირებთ, 21% გამოვა. მაგრამ, რას მივიღებთ თუ უმუშევრობას ახალი მეთოდოლოგიით დავითვლით? ახლახანს საქსტატმა გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, უმუშევრობის მეთოდოლოგიაში ცვლილებების შეტანა იგეგმება და დასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან ის თვითდასაქმებულები (პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის სფეროში), რომლებიც პროდუქტს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ. 2017 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა 52% თვითდასაქმებულია, ხოლო თვითდასაქმებულთა 81.3% სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. გასარკვევია მხოლოდ ის, თუ სოფლის მეურნეობის სფეროში თვითდასაქმებულთა რა ნაწილი აწარმოებს პროდუქტს, მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის. აღნიშნულ კითხვაზე პასუხი საქსტატს 2020 წელს ეცოდინება, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი უმუშევრობის დონე, გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დღეისათვის არსებული 12.7%.