საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 72745 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შეუმცირდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 3504.3 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 2762-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 3415.1 მილიონიდან 3504.3 მილიონ ლარამდე.

72745 ხელშეკრულებიდან 20319 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 372.1 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრის მდგომარეობთ 16.5% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 26177 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.14%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1037 მილიონი ლარია.

22564 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1870.40 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 657.8 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.7%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 იანვრის მონაცემებით 1212.6 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.2%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 894 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15,195 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15.5%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2,605 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 54 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 იანვრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 30.68%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1561.5 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.9%-დან 12.2%-მდეა შემცირებული.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ინფლაციის დაბალი დონის, საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტული სალდოსა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი იყო. დეკემბერში  წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) საგრძნობლად ჩამოუვარდება. მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის სალდო პროფიციტული გახდა და 30.1 მლნ ლარი შეადგინა. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები (18%-ით) და ფულადი გზავნილები (9.1%-ით). იანვარში სტაბილურობით ხასიათდება გაცვლითი კურსიც (1 აშშ დოლარის ღირებულება 2.65 ლარის ნიშნულზეა). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე, რამაც მოსახლეობას საგრძნობლად გაურთულა სესხებზე ხელმისაწვდომობა, მნიშვნელოვანია რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება, რაც გაზრდის წვდომას ფინანსებზე, შეარბილებს რეგულაციის მოქმედების უარყოფით ეფექტს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.