რა არის ფინანსური პრობლემების მოგვარების მთავარი გზა? ბევრი უპასუხებს, რომ მეტი შემოსავალი. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით: ფული რამდენიც არ უნდა გვქონდეს, თუ მისი სწორად განკარგვა არ ვიცით, თვის ბოლოს მაინც გაურკვევლობაში და მუდმივ სტრესში ვრჩებით.

სწორედ ამიტომ, მთავარი კითხვა ის კი არ არის, რამდენს გამოვიმუშავებთ, არამედ ის, თუ როგორ ვმართავთ საკუთარ ფულს?

სინამდვილეში რა არის ფინანსური განათლება?

ბევრს ჰგონია, რომ ფინანსური განათლება რთული ფორმულების, ეკონომიკური ტერმინების ან საბანკო დეტალების ზეპირად ცოდნაა. სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად მარტივია, ეს არის ყოველდღიური ცხოვრებისეული უნარები:

  • ზუსტად იცოდე, საიდან შემოდის და სად მიდის შენი ფული;
  • შეძლო შემოსავლის თუნდაც მცირე ნაწილის გონივრულად გადადება ისე, რომ ცხოვრების ხარისხი არ გაიუარესო;
  • დაფიქრდე და გააანალიზო, სესხი მართლა გჭირდება თუ უბრალოდ წამიერ ემოციას აჰყევი;
  • და რაც მთავარია - შენ მართავდე ფულს და არა ფული გმართავდეს შენ.

სად ვართ დღეს?

ჩვენთან ფულზე საუბარი ხშირად უხერხულ თემად მიიჩნევა, რაც დიდ შეცდომად გვიბრუნდება ხოლმე. კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი საზოგადოების მხოლოდ მესამედი ფლობს საბაზისო ფინანსურ ცოდნას. მოსახლეობის უმრავლესობას უჭირს ელემენტარული საბანკო პროცენტის დაანგარიშებაც კი. ეს კი მარტივ რამეს ნიშნავს: როდესაც არ ვიცით, როგორ მუშაობს პროცენტი, ძალიან ადვილია მოვტყუვდეთ მიმზიდველი შეთავაზებებით და ავიღოთ ისეთი სესხი, რომლის მომსახურებაც შემდეგ მძიმე ტვირთად დაგვაწვება. 

რაში გვეხმარება და რა სარგებელი მოაქვს ფინანსურ ცოდნას?

ფინანსური განათლება არ არის რაღაც აბსტრაქტული ცნება. აკადემიური კვლევები პირდაპირ ადასტურებს მის პრაქტიკულ შედეგებს: 

  • მკვლევრები ანამარია ლუზარდი და სტივენ სტრიტერი ასკვნიან, რომ ფინანსური განათლება 6.2%-ით ამცირებს ადამიანის ფინანსურ რისკებს. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, ადამიანს უკვე აქვს უსაფრთხოების ბალიში. 
  • იგივე კვლევის მიხედვით, განათლება 11.3%-ით ზრდის იმის ალბათობას, რომ ადამიანი აქტიურად იზრუნებს საკუთარ საპენსიო დანაზოგზე.  
  • ცოდნა სპონტანური გადაწყვეტილებებისგან, მაღალპროცენტიანი ვალებისა და არასწორად დაგეგმილი ხარჯებისგან გვიცავს.  
  • განსაკუთრებით საინტერესოა, რომ როდესაც ბავშვები და მოზარდები სკოლის ასაკიდანვე ეჩვევიან ფულის სწორად ხარჯვას, ეს პირდაპირ აისახება მთელი ოჯახის ეკონომიკურ მდგრადობაზე.   (აღსანიშნავია, რომ ეს პოზიტიური ეფექტი კიდევ უფრო მაღალია გოგონების განათლების შემთხვევაში).

ასე რომ, ფინანსური განათლება არ გპირდებათ, რომ ერთ დღეში გამდიდრდებით, მაგრამ ის გაძლევთ ყველაზე მთავარს - თავისუფლებას და კონტროლის შეგრძნებას. ალბათ დროა, ფულის მართვაზე ღიად და თამამად დავიწყოთ საუბარი ოჯახში, მეგობრებთან თუ სკოლაში. იმიტომ, რომ ფინანსური სიმშვიდე იწყება არა იქ, სადაც ბევრი ფულია, არამედ იქ, სადაც მისი სწორად განკარგვა ვიცით.