
ამ ზაფხულს სითბო კი მოგვენატრა, მაგრამ ბოლო დღეებში მაგრად რომ დაცხა, ვეღარ გავუძელი და გადავწყვიტე კონდიციონერი მეყიდა. ჯერ ონლაინ ვარჩიე, შემდეგ მივედი ტექნიკის მაღაზიაში. ის მოდელი, რომელიც მომეწონა 1500 ლარი ღირდა. ერთიანად ამ თანხას ვერ გადავიხდიდი, არც 4 თვეზე გაყოფა მაწყობდა, ამიტომ გადავწყვიტე, უკვე დამტკიცებული განვადებით მესარგებლა.
განვადების შემთხვევაში კონდიციონერის ფასი ცოტათი გაიზარდა, 1600 ლარი გახდა. ეს დაახლოებით 7%-იანი ფასნამატია, რომელსაც თავად სავაჭრო ობიექტები ამატებენ, თუ ნივთის ღირებულებას მთლიანად ვერ ფარავთ. შემდეგ დარჩენილ თანხას მცირე საკომისიოც დაემატა და გადანაწილდა 12 თვეზე. საბოლოო ჯამში, განვადებით კონდიციონერის შეძენა, დაახლოებით 200-250 ლარით უფრო ძვირი დამიჯდა, თუმცა მიღირდა, რადგან უკვე საკმაოდ ცხელოდა, მე კი თანხის მოგროვებას ვერ დაველოდებოდი.
განვადება მარტივი, კომფორტული პროდუქტია, მოგეწონა რამე ნივთი, დიდი დრო არ გჭირდება, მალევე ყიდულობ. თუმცა, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ყველა ის ხარჯი, რაც ამ სესხს ახლავს. ეს ძირითადად არის მაღაზიისგან ფასნამატი და ბანკის საკომისიო, რაც საბოლოო ჯამში ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს გვაძლევს.
ამიტომ გვახსოვდეს, 0%-იანი განვადება არის მითი, პროდუქტს ემატება მაღაზიისგან ფასნამატი და საკომისიო ბანკისგან. ნომინალური პროცენტი შეიძლება მართლაც 0 იყოს, რადგან თანხა 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება, მაგრამ სესხთან დაკავშირებული ხარჯების გამო ეფექტური განაკვეთი თითქმის 25% გამოდის.
ერთიც უნდა აღვნიშნო, 0%-იანი განვადების მარკეტინგულ ხრიკს ბანკები კომუნიკაციაში უკვე კარგა ხანია აღარ იყენებენ.
