დღეს ინვესტირება აღარ ასოცირდება მხოლოდ უოლ-სტრიტზე მორბენალ ჰალსტუხიან ადამიანებთან ან რთულ ფინანსურ ტერმინოლოგიასთან. ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ქართული საბანკო სექტორის განვითარებამ საშუალება მოგვცა, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების აქციონერები საკუთარი სმარტფონებიდან გავხდეთ.

რა არის ინვესტიცია?

მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიცია არის დღევანდელი დანაზოგის გამოყენება მომავალში მეტი სარგებლის მისაღებად. ეს არ არის ლატარია და არც სწრაფი გამდიდრების გარანტირებული გზა. ეს არის კაპიტალის განთავსება აქტივებში, რომლის ღირებულებაც დროთა განმავლობაში იზრდება.

რთული პროცენტი: თქვენი ფულის „თოვლის გუნდა“

ინვესტირების ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ე.წ. „რთული პროცენტია“. წარმოიდგინეთ თოვლის გუნდა, რომელიც დაგორებისას სულ უფრო მეტ თოვლს იკრავს და ზომაში იზრდება. როდესაც მიღებულ მოგებას კვლავ აბანდებთ, მომდევნო წელს სარგებელი უკვე უფრო დიდ თანხას ერიცხება. შედეგად, თქვენი აქტივი დროთა განმავლობაში სულ უფრო სწრაფი ტემპით იმატებს.

ETF - ვისაც რისკი დიდად არ უყვარს

თუ არ იცით, რომელი კონკრეტული კომპანიის აქცია იყიდოთ, არსებობს ETF (Exchange Traded Fund). ეს არის ერთგვარი „კალათა“, რომელშიც ასობით წარმატებული კომპანიის აქციაა თავმოყრილი.

რატომ არის კარგი? ერთი აქტივის ყიდვით თქვენ ერთდროულად ხდებით, მაგალითად, ამერიკის 500 უმსხვილესი კომპანიის (S&P 500) თანამფლობელი. ეს ავტომატურად ამცირებს რისკს - თუ ერთი კომპანიის საქმე ცუდად წავა, სხვები მას დააბალანსებენ.

რისკები: საშიშია თუ არა ეს?

საშიშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესს გაუაზრებლად მივუდგებით. ინვესტირებას ყოველთვის ახლავს რისკი, რომ აქციის ფასი შემცირდება, თუმცა აქ ორი მთავარი იარაღი გვაქვს:

დივერსიფიკაცია: არ ჩადოთ მთელი თანხა ერთ კომპანიაში (აქ სწორედ უკვე ნახსენები ETF-ები გვეხმარება).

დრო: როგორც წესი, გრძელვადიან პერსპექტივაში (5-10 წელი), საფონდო ბაზარს ზრდის ტენდენცია აქვს. მოკლევადიანი რყევები კი ბუნებრივია და მათ სიმშვიდით უნდა შევხვდეთ.

რამდენად მარტივია ეს დღეს?

თუ ადრე ამისთვის სპეციალიზებული ბროკერები და რთული ხელშეკრულებები იყო საჭირო, დღეს ქართული ბანკების საინვესტიციო პლატფორმები ამ ბარიერს ხსნიან. თქვენ პირდაპირ თქვენი მობილბანკიდან შეგიძლიათ:

  • მოძებნოთ Apple-ის, Google-ის, Tesla-ს ან სხვა გიგანტების აქციები,
  • იხილოთ რეალური რიცხვები და გრაფიკები,
  • შეიძინოთ აქცია ან მისი ნაწილი რამდენიმე წამში.

ბანკების მეშვეობით ინვესტირება ნდობისა და უსაფრთხოების დამატებით გარანტიას იძლევა, რადგან თქვენი ოპერაციები ნაცნობ და რეგულირებად გარემოში ხორციელდება.

ასევე მობილბანკიდანვე შეგიძილიათ, გახსნათ საინვესტიციო ანგარიში და ინვესტირება 1 დოლარიდანაც კი დაიწყოთ.

და ბოლოს - ოქროს წესი: დაიწყეთ მცირედით

ყველაზე გავრცელებული შეცდომა იდეალური მომენტის ან დიდი თანხის ლოდინია. საუკეთესო სტრატეგია მცირე, მაგრამ რეგულარული ინვესტიციაა. დაიწყეთ იმ თანხით, რომლის დაკარგვაც თქვენს ყოველდღიურობას არ დააზიანებს. ეს დაგეხმარებათ პრაქტიკულად ისწავლოთ ბაზრის მუშაობის პრინციპი და გამოიმუშაოთ ინვესტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება - დისციპლინა.