ხშირად გაგვიგია ალბათ: „სესხი სწრაფად და მარტივად, შემოსავლების დადასტურების გარეშე“. ეს სიტყვები ბევრისთვის მაშველ რგოლად ჟღერს, თუმცა რეალობა ბევრად მკაცრია. ეკრანებზე ნანახი ყოველი დრამატული გამოსახლება  უმეტესწილად, სწორედ ამ „მარტივი“ სესხების შედეგია.

ვინ არის კერძო მევახშე?

ეს არის ფიზიკური პირი (ან კომპანია), რომელიც ფულს ფაქტობრივად ყოველგვარი სახელმწიფო ზედამხედველობის გარეშე ასესხებს. მათ ნაკლებად აინტერესებთ თქვენი ხელფასი ან სხვა შემოსავალი. მთავარია გქონდეთ უძრავი ქონება, რომელსაც სესხის სანაცვლოდ ჩადებთ.

რატომ მიდის ხალხი მათთან?

სანამ მევახშეებს განვიკითხავთ, მთავარი კითხვა დავსვათ: რატომ ირჩევს ადამიანი მათ? პასუხი ხშირად ერთია - ბანკმა უარი უთხრა. ბანკის „არა“ ჩვენთან ბარიერად აღიქმება, სინამდვილეში კი ეს გამაფრთხილებელი ნიშანია. როცა კრედიტ ოფიცერი გეუბნება, რომ ამ შემოსავლით ვალს ვერ გადაიხდი, ის შენს დაცვასაც ცდილობს. ბანკის ინტერესია სესხის გაცემა, მაგრამ შემოსავლის დადასტურების გარეშე ამას ვერ და არ აკეთებს.

სწორედ ამ დროს ჩნდება „კეთილი ბიძია“ ან „დეიდა“, რომელიც გეუბნება: „არანაირი საბუთი არ მინდა, არც შემოსავლის დადასტურება, ხელშეკრულებას ხელს დღესვე მოვაწერთ“.

„ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“

2016-2018 წლებში სახელმწიფომ მევახშეობა თითქოს შეზღუდა: ფიზიკურ პირებზე სესხის დოლარში გაცემა და უძრავი ქონებით უზრუნველყოფა აიკრძალა. თუმცა „შავმა ბაზარმა“ გამოსავალი მალევე იპოვა.

კანონში არსებული ჩანაწერი „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ მათთვის ნამდვილ საჩუქრად იქცა.

რა ხდება რეალურად?

თქვენ სესხს კი არ იღებთ, არამედ ფორმალურად ყიდით თქვენს სახლს იმ პირობით, რომ გარკვეულ ვადაში უკან გამოისყიდით. თუ ერთი დღითაც კი გადააცილებთ გადახდას, სახლი უკვე სხვისია და სასამართლოში დავაც თითქმის შეუძლებელი - ის ხომ თქვენი ნებით „გაყიდეთ“?

იპოთეკური სესხის შემთხვევაში კი ბინა შენია. იხდი პროცენტს, თუ ვერ გადაიხდი, კრედიტორი გიჩივის. სასამართლოს სანამ არ მოიგებს, მანამდე არ დაინიშნება აუქციონი. გამოსახლებას კიდევ დამატებითი სასამართლო უნდა, ამას კი წლები სჭირდება.

რა შეიძლება გაკეთდეს?

პირადი პასუხისმგებლობის მხრივ - მარტივი, მაგრამ ყველაზე საჭირო რჩევა: წაიკითხეთ, რას აწერთ ხელს. თუ დოკუმენტის სათაურში წერია „ნასყიდობის ხელშეკრულება" - გაჩერდით და დაფიქრდით. იმ წამს თქვენ ვალს კი არ იღებთ, არამედ კარგავთ საკუთრებას. სიტყვიერ დაპირებას - „არაუშავს, გააგრძელე ცხოვრება, მთავარია პროცენტი მიხადე" - იურიდიული ძალა არ აქვს.

ბანკის „არა" კი ის სიგნალია, რომელიც ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ. ბანკს აქვს მონაცემები, გამოცდილება და ანალიზი. თუ ამბობს, „ვერ დაფარავ," სავარაუდოდ ის მართალია. მევახშესთან წასვლა ამ დროს პრობლემის გადავადებაა. შემოსავლის გარეშე სესხის გადახდა გაჭირდება, რაც შეიძლება უძრავი ქონების დაკარგვად დაგიჯდეთ.

გრძელვადიან პერსპექტივაში, სანამ ქვეყანაში სიღარიბე არსებობს და ადამიანებს არ აქვთ სტაბილური, დადასტურებული შემოსავალი, მევახშეები იარსებებენ. ნებისმიერი აკრძალვა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელია. ნამდვილი გამოსავალი ეკონომიკური ზრდაა. როცა ადამიანი ბანკში წავა, სადაც კანონი იცავს მას, ან იმდენი დანაზოგი ექნება, რომ  სესხი მხოლოდ მნიშვნელოვანი შენაძენისთვის დასჭირდება.

მანამდე ჩვენი ერთადერთი იარაღი სიფრთხილე და სწორი ინფორმირებაა.